ერთ წელში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7% გამოცხადდა ინსპექტირებაზე

საგანგაშოა, რომ 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ ივნისამდე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7% (სულ 8 521 ერთეული) გამოცხადდა ინსპექტირებაზე. ავტოსადგურები უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას, – ამის შესახებ კვლევას საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ კანონის აღსრულების მექანიზმი, სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შენარჩუნებას გზებზე და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.

„კვლევის მიზანი იყო საქართველოში საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ავტოტრანსპორტით სამგზავრო გადაყვანის უსაფრთხოების დონის დადგენა. საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ზაფხულის სეზონზე, რომელსაც ახასიათებს საქალაქთაშორისო მიმოსვლის ინტენსივობის ზრდა.

2021 წლის მონაცემებით სამგზავრო-საქალაქო ავტოსატრანსპორტო საშუალებად აქტიური სტატუსით სულ რეგისტრირებულია 54 335 ერთეული. მათ შორის: 23 778 ავტობუსია (M3), ხოლო 30 557 – მიკროავტობუსი (M2). საგანგაშოა, რომ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 ივნისამდე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7% (სულ 8 521 ერთეული) გამოცხადდა ინსპექტირებაზე: რეგისტრირებულია 23 778 ავტობუსი – ინსპექტირებაზე გამოცხადდა მხოლოდ 1 602 ერთეული (6.8%). რეგისტრირებულია 30 557 მიკროავტობუსი – ინსპექტირებაზე გამოცხადდა მხოლოდ 6 921 ერთეული (22.7%)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ავტოსადგურები უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას, სადაც დიდი ალბათობით საერთოდ აღარ ექცევა ყურადღება ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს. „აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ კანონის აღსრულების მექანიზმი, სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შენარჩუნებას გზებზე და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას. ავტოსადგურები უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას, სადაც დიდი ალბათობით საერთოდ აღარ ექცევა ყურადღება ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს.

მდგომარეობას ართულებს უნებართვო თვითორგანიზებული ავტოსადგურების არსებობა, საიდანაც გადიან ე.წ. „ხიშნიკი“ მძღოლები. ეს საკითხი საერთოდ გასულია მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებიდან.

დაკვირვება გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ძირითადი ნაწილი, რომელიც არ ცხადდება ინსპექტირებაზე კუსტარულად გადაკეთებულია. ხელოვნურად არის გაზრდილი სამგზავრო სავარძლების რაოდენობა და უმეტესად ჩაკეტილია ავარიული გასასვლელი, რითაც საფრთხე ექმნება მგზავრების სიცოცხლეს.

არ არსებობს მძღოლზე პასუხისმგებლობის ჯერ დაკისრებისა და შემდეგ შენარჩუნების გამართული სისტემა. შედეგად, სამგზავრო გადაყვანები ძირითადად ხორციელდება მგზავრის ფიზიკური ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ხარჯზე.

საფრთხის შემცველი გარემოებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ იმგზავროთ ტექინსპექტირება გაუვლელი მიკროავტობუსითა თუ ავტობუსით. შექმნილია ვებ-პლატფორმა PTI.GE, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, მგზავრობის დაწყებამდე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ავტოტრანსპორტის სტატუსი (გავლილი აქვს თუ არა ინსპექტირება) და შეარჩიოს უსაფრთხო ავტომობილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი