“CITA” – ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის მაღალ თანამდებობაზე დავით მესხიშვილი დაინიშნა.

ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის (CITA) ევროპის ოფისში დავით მესხიშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. დანიშვნის ბრძანებას ხელს აწერს CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი და მისალოც წერილს აქვეყნებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ძვირფასო დავით, მუდმივმოქმედი ბიურო, ევროპის ოფისის ხელმძღვანელობა და მე დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი როლი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ახალი სტრატეგიის ”გზა 2030”-ის შემუშავებისათვის, ასევე ჩვენი მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების მართვისათვის. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და გისურვებთ წარმატებებს ახალ თანამდებობაზე“. CITA-ს მიზნებია: მსოფლიოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება, ამ შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობის ნულოვანი ნიშნულის მიღწევა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება.

დავით მესხიშვილის ევროპაში საკურატორო სფეროებად განისაზღვრა ხარისხის კონტროლი, ტრენინგი და მომსახურების საანდობა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტში მაღალ თანამდებობაზე საქართველოდან ინიშნება წარმომადგენელი.

დავით მესხიშვილი: „მადლობელი ვარ ნდობისთვის. ეს წარმატება ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის ძლიერი გუნდის შრომისა და მონდომების შედეგია, რომელიც სფეროში ყველაზე მძლავრი ორგანიზაციაა დღეს საქართველოში და ასეთადაც დარჩება სამომავლოდ. ჯერ იყო ასოციაციის გაწევრიანება ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტში, რაც პოსტსაბჭოთა სივრციდან მართლაც დიდ წარმატებად და გარღვევად უნდა ჩავთვალოთ. ასოციაცია იყო პირველი ამ სივრციდან და სამაგალითო სხვა ორგანიზაციებისთვისაც. ამავდროულად ეს ნიშნავდა პირველ სერიოზულ სიგნალს განვითარებული მსოფლიოსთვის, რომ საქართველო რეფორმას გატარებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მალევე ჩვენ მოვიპოვეთ CITA-ს ღონისძიების საქართველოში გამართვის უფლება. მარტში გასამართი საერთაშორისო კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა ის საქართველოში აუცილებლად გაიმართება.

CITA-ს მუდმივმოქმედი ბიურო აქტიურად არის ჩართული საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, რისი დასტურიც არის მხარდაჭერა „კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრის“ დაარსებაში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მოამზადებს შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლი და გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლი, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა. ინსპექტირების დარგში, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში ჩემი დანიშვნით საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. კარგად მაქვს გააზრებული, რომ ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ საქართველოს. CITA-ს ევროპის ოფისში ჩემი საკურატორო სფეროები (ტრენინგი, ხარისხი, სანდოობა) მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებისთვისაც. ვერთვები საერთაშორისო ექსპერტთა საუკეთესო გუნდში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ახალი სტრატეგია მთელი ევროპისათვის სახელწოდებით – ”გზა 2030“.“

PHP Code Snippets Powered By : XYZScripts.com